იუსტიციის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თარიღი: 25 იანვარი 2021
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა. მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ 2013 წლიდან მოყოლებული, არაერთი წარმატებული რეფორმა განახორციელა კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერებისთვის; ასევე, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. აღნიშნული რეფორმების შედეგია სამართლის უზენაესობის გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიციის წლიური ზრდის მაჩვენებლები, ზოგიერთ შემთხვევაში – ერთდროულად ათზე მეტ პოზიციაში.
 
მინისტრის თქმით, უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში. ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.
 
საუბარი შეეხო, აგრეთვე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება. მინისტრის თქმით, საქართველოში სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ასეთი საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან.
 
გოჩა ლორთქიფანიძემ ელჩს იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
 
შეხვედრის ბოლოს შვეიცარიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გოჩა ლორთქიფანიძეს საინტერესო შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ აფასებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეგობრულ ურთიერთობებს.