კორუფციის აღქმის ინდექსი: რეგიონის ქვეყნებს შორის, კორუფციის აღქმა საქართველოში ყველაზე დაბალია
თარიღი: 28 იანვარი 2021
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, რეგიონის ქვეყნებს შორის, კორუფციის აღქმა საქართველოში ყველაზე დაბალია, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას.
კვლევაში ქვეყნების შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად კორუმპირებულად არის აღქმული ქვეყანა.
საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს. კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა.