იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თარიღი: 17 თებერვალი 2021
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცების გზაზე საქართველომ  ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

იუსტიციის მინისტრმა  მააიკე ვან კოლდამს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების უზრუნველყოფას, ემსახურება საზოგადოებას.

საუბარი შეეხო მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობასაც. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში 2013 წლიდან არაერთი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის: კორუფციის აღმოფხვრა, კარგი მმართველობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული ჰოლანდიის გამოცდილება. მინისტრის თქმით, საქართველოში სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ასეთი საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან.
გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში. ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე, ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იუსტიციის მინისტრს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ არჩევა მიულოცა.

იუსტიციის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც შენარჩუნდება.