​რატი ბრეგაძე: „ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ სტრასბურგის გადაწყვეტილების სულისკვეთებას. კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არსებული მაღალი სტანდარტი“

თარიღი: 11 ნოემბერი 2021
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სრულად იზიარებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არის ძალიან მაღალი სტანდარტი. მინისტრმა, ასევე, განმარტა, რომ მომჩივანმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ერთი კონკრეტული მოთხოვნით  – დაუყოვნებლივ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში, რაც სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა. 
 
„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით – დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან  სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ  მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა  და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისაკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს  მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ უწყებაში  არსებული მაღალი სტანდარტი.  ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის  ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას  პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ასევე, გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.