„მობილური იუსტიციის სახლი“ – სერვისების სრული ხელმისაწვდომობის გარანტი“

თარიღი: 17 დეკემბერი 2021
 „იუსტიციის სახლის სერვისების სრული ხელმისაწვდომობისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეიქმნა „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი და დღეს ყველა სოფელს, რომელიც მოქმედი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია“, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსები მიდიან და ადგილზე, პრაქტიკულად, საკუთარ ეზოსთან ემსახურებიან მოქალაქეებს და აწვდიან ყველა იმ სერვისს, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდათ გამგზავრება. „მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით მოსახლეობას შეუძლია, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე, ადგილზე ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.