რატი ბრეგაძე: „თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში; ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება“
თარიღი: 28 დეკემბერი 2021

მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ, სირცხვილი.
„ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.