საქართველოს იუსტიციის სისტემის ისტორია საქართველოს სახელმწიფოებრიობის პარალელურად ვითარდებოდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კანონშემოქმედებითი ტრადიცია სახელმწიფო პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის არსებობდა. უძველეს ხანაში, ქართული წყაროების მიხედვით, ფარნავაზის ეპოქიდან საქართველოში კანონშემოქმედებით ფუნქციას ახორციელებდა სახალხო კრება და მამასახლისთა საბჭოები.

IX-X საუკუნეებიდან განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს დარბაზი, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანო იყო. საქართველოს დარბაზი კომპლექტდებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო არისტოკრატიისა და უბრალო მოქალაქეთა წარმომადგენლებისაგან. სწორედ საქართველოს დარბაზში არის შექმნილი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ძეგლები, როგორიცაა: „სამართალი სამპარავთმძებნელოი“ (კრიმინალური სამართალი), ბაგრატ კურაპალატის სამართალი, გიორგი ბრწყინვალეს სამართალი, ხელმწიფის კარის გარიგება და სხვ.

საქართველოს დარბაზში ხდებოდა საერთაშორისო სამართლის ძეგლების თარგმნაც, ადაპტაცია, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ძეგლების სინქრონიზაცია. ამის მაგალითია ე.წ.  მოსეს სამართლის, ბერძნული და რომაულ-სირიული სამართლის ქართული ვერსიები. უამრავი სხვადასხვა სამართლის ძეგლის განახლება, ერთიან კრებულში მოქცევა და ხელახალი დამკვიდრება განხორციელდა მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსეს მიერ და  ეს კრებული ცნობილია ვახტან VI სამართლის წიგნთა კრებულის სახელით. ვახტანგ VI სამართლის ძეგლთა კრებული (1703-09 წწ.) ეფუძნება საუკუნოვან გამოცდილებას და შუა საუკუნეების სამართლებრივ აქტებს.

დღემდე მოაღწია 1707-09 წლებში შედგენილმა „დასტურლამალმა მეფისა ვახტანგისა“. დასტურლამალი, ანუ „გარიგების წიგნი“ შეიცავდა თანამდებობის პირთა აღწერასა და ფუნქციათა ფიქსაციას, აღწერილი და დაფიქსირებული იყო მოსახლეობის რაოდენობა, მეურნეობა, შემოსავლები, გადასახადები, ქონებრივი მონაცემები საოცარი სიზუსტით. „დასტურლამალის“ ტექსტიდან ჩანს, რომ მოსახლეობის, მეურნეობის აღწერა, გადასახადების დაწესება და ა. შ. საქართველოში უწყვეტი პროცესი იყო და რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდებოდა. რეესტრიზაციის ესოდენ მაღალი ხარისხი გამიზნული იყო იმისათვის, რომ არ დაემძიმებინა მოსახლეობა, მეტიც, ხელი შეეწყო ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და კერძო საკუთრების საკითხების უმაღლეს დონეზე დარეგულირებისათვის. 

„სამართალი მოსესი“ და „ბერძნული სამართალი“ საქართველოში მოქმედებდა ქრისტიანობის V-VI საუკუნეებიდან, ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე. შედარებით გვიანდელია სირიულ-რომაული სამართალი, რომელიც თავდაპირველად შემოვიდა სომხური ვერსიის სახით. ქართული თარგმანით, X-XI საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება ბაგრატ კურაპალტის სამართალი. რაც შეეხება „კათოლიკოსთა სამართალს“, მისი შედგენა ხდებოდა საუკუნეთა განმავლობაში. „რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან“ (1104 წ.) ჩანს, რომ ქართული იურისპრუდენცია დროულად ეცნობოდა და ამუშავებდა მსოფლიო საეკლესიო კრებების (IV-VIII სს.) გადაწყვეტილებებს და იყენებდა და ამუშავებდა იქ მიღებულ საეკლესიო აქტებს. თავის მხრივ, „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“ ფუნდამენტური სამართლებრივი ძეგლია, რომელიც ეხება არა მარტო საეკლესიო, არამედ ქართველი ერის საერო სამართლის საკითხებსაც. 

ძველი ქართული იურისპრუდენციის განვითარების ხარისხი საყურადღებო და მისაბაძია ბევრი თანამედროვე სახელმწიფოსთვისაც კი. ქართული სამართალი ითვალისწინებდა სამართალწარმოების დახვეწილ და, გარკვეულწილად, შუა საუკუნეების ევროპული სამართალწარმოებისათვის უცნობ ფორმებსაც კი. კერძოდ, მე-12 საუკუნის ქართული სასამართლო იყო სამსაფეხურიანი და დამოუკიდებელი სამეფო ხელისუფლებისაგან. გარდა ამისა, ქართული სასამართლოს კოლეგიები იკრიბებოდა რეგიონული, იერარქიული და პროფესიული ნიშნით. ცალკე არსებობდა აზნაურთა, მოქალაქეთა (ვაჭარ-ხელოსანთა)  და გლეხთა სასამართლო კოლეგიები, ასევე, სასამართლო კოლეგიები კუთხეების მიხედვით და, რაც მთავარია, კორპორაციული გაერთიანებების მიხედვით (მევენახეთა, ფეიქართა, მესაქონლეთა, მიწათმოქმედთა და სხვ.).

ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სამართლის ძეგლების დახვეწილობის ხარისხი. ქართული სამართლის ძეგლები ითვალისწინებდა არა მარტო დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების საკითხს, არამედ, მისი არსის მიხედვით, დანაშაულის გამოსწორება-გამოსყიდვის  საკითხების უზრუნველყოფას. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც პრევენციის, ისე პრეცედენტული სამართლის საკითხებს.

ქართულ სამართალში უდიდესი ყურადღება ექცეოდა აღწერის, რეგისტრაციის (როგორც ქონების, ისე მოქალქეების), რეესტრში გატარების საკითხებს. პირველი ქართული წარწერა, რომელიც მიწის ნასყიდობის ფაქტს ადასტურებს, ქვაჯვარზეა ამოკვეთილი და VI საუკუნით თარიღდება. ის წყისის წარწერის სახელით არის ცნობილი. (ფოტო)
მაღალ დონეზე იყო განვითარებული სამართლის წარმოება როგორც რეგიონების, ისე უწყებების მიხედვითაც. ამის დასტურია

სამცხე-საათაბაგოს სამართლის ძეგლთა კრებული − ბექა-აღბუღას სამართალი, რომელიც XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე არის შექმნილი და შემდგომში ცენტრალური სახელმწიფო სისტემის უმნიშვნელოვანეს ძეგლადაც იქცა. 

„ხელმწიფის კარის გარიგება“, გარკვეულწილად, საკონსტიტუციო აქტია. მეტიც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ყურთლუ-არსლანის დასის მოთხოვნათა კრებულმა და ვერც იმ კონსტიტუციურმა აქტმა, რომლითაც დარეგულირდა ყურთლუ-არსლანის გამოსვლა. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სპეციალური სამართლებრივი აქტით (კოდექსით, ძეგლით), 1185 წელს საქართველოს დარბაზს (პარლამენტს) მიენიჭა თანამდებობის პირთა დანიშვნის, ომის გამოცხადების, ზავის დადების, ბიუჯეტის დამტკიცების, გადასახადების ოდენობის განსაზღვრისა და საქართველოს რეგიონული მოწყობის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლება. ამიერიდან მეფეს მხოლოდ წარმომადგენლობითი − სარდლის ფუნქცია დარჩა. რაც შეეხება აღმასრულებელ ფუნქციას, ამას მხოლოდ დარბაზთან შეთანხმებით და დარბაზის მონაწილეობით ახორციელებდა.  1185 წლის აქტით საქართველოს დარბაზმა (პარლამენტმა) საკმაოდ ფართო ფუნქციები შეიძინა. მეტიც, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქიდან მონასტერთა ტიპიკონების დამტკიცება საქართველოს დარბაზის (პარლამენტის) პრეროგატივას წარმოადგენდა.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ უძველესი დროიდან ქართული სახელმწიფოსთვის ბუნებრივი იყო დემოკრატული საჯარო სამართალწარმოების უმაღლესი ხარიხი.

საინტერესოა სამართალწარმოების ფორმები საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ხევი), რომელმაც უხსოვარი დროიდან, შეიძლება ითქვას, დღემდე მოაღწია. პროკურატურისა და სასამართლოს მთის სისტემის მიხედვით, სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა საფიხვნო, საბჭო. ბრალმდებლად, ანუ პროკურორად, გამოდიოდა მახვში ან ხევისბერი. ხევისბერი და მახვში თემის სახელით ლაპარაკობდნენ და თავადვე ახორციელებდნენ კანონის ზედამხედველობას.

საქართველოში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა უძველესი დროიდან არსებობდა. ამ თანამდებობას ითავსებდნენ ნაწილობრივ კანცლერი, მწიგნობართუხუცესი, მანდატურთუხუცესი. მწიგნობართუხუცესის მოადგილე უშუალოდ ეწეოდა მეფის სამართლებრივი აქტების (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო) აღწერა-დამუშავება-შედგენას. ნოტარიუსის ფუნქციებს კი მწიგნობრები ითავსებდნენ. იურისპრუდენციის მიმართულებით გარკვეული საზედამხედველო-აღმასრულებელი ფუნქციები, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეთავსებული ჰქონდათ მანდატურებს.

გვიან შუა საუკუნეებში იუსტიციის უწყების ხელმძღვანელისა და პროკურორის ფუნქციებმა გადაინაცვლა, ძირითადად, მდივანბეგების ხელში. მდივანბეგები − ძველქართულად მბჭენი და მდივნები, ასრულებდნენ კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქცებს.

ძალზე საინტერესოა, რომ ოდითგანვე ქართული სამართლის წარმოებისათვის აუცილებელი იყო ადვოკატის, იგივე მეოხის, მონაწილეობა, მოწმეები (არანაკლებ სამი მოწმისა), სასამართლოს აღმასრულებლები (ჩენილები).

რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოში კანონმდებლობასა და სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა − ბრალმდებელი (პროკურორი). საინტერესოა, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისთვის არსებობდა ცალკე კოდექსი როგორც მოკვლევის, ისე სამართლებრივი განჩინებისა და აღსრულების ინსტიტუტები. კერძოდ, ეს იყო „სამართალი სამპარავთმძებნელოი“, მპარავთმძებნელისა და მპარავთმძებნელთუხუცესის ინსტიტუტები.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ქართული სამართალი, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, XX საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდა მოქმედებას. 1918 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სრული ოკუპაციის შემდეგ, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სამართალშემოქმედებამაც დაკარგა ქართული ტრადიციები.
დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ და იარსება საბჭოთა რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ანექსიამდე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებაში შედიოდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელობა. 1918 წლის 11 ოქტომბრის კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის" ოფიციალურ გამოცემას. ასევე, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გამოსცემდა ინსტრუქციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

დამოუკიდებელი  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად, მხოლოდ სამ წელს იარსება. 1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი „აჯანყებულთა“ დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება − მეთერთმეტე არმია − თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან უტევდა. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. თურქები მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი, 16 მარტს, მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას  გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახალხო კომისარიატად ჩამოყალიბდა და მას შემდეგაც მრავალი ცვლილება განიცადა.  

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებისა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედებდა რამდენიმე დებულება, კერძოდ: 1993 წლის 20 დეკემბრის, 1996 წლის 8 აპრილის, 1997 წლის 22 სექტემბრის, 1999 წლის 31 მაისის, 2000 წლის 13 მარტისა და 2000 წლის 30 ოქტომბრის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციასა და სტრუქტურას.

დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა: „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით (1997 წლის 8 ივლისი), იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში აღარ შედის საერთო სასამართლოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; ამავე დროს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების შემდეგ (1998 წ.) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროების ანალოგიურად, სამინისტრომ შეიძინა ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემის მართვა და მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობა (2000 წლის 1 იანვრიდან). 2009 წლის 1 თებერვლიდან კი სასჯელაღსრულების სისტემა დამოუკიდებელ − სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდ ჩამოყალიბდა. 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა საჯარო და სამოქალაქო რეესტრის ფუნქცია, სახელმწიფოს არქივების მართვა (2004 წელი); ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (2006 წელი) და სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 2008  წლის 7 ნოემბრის ¹541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, რომლის მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.


დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრები:

 

შალვა ალექსი-მესხიშვილი - 1918-1919
რაჟდენ არსენიძე - 1919-1921
ევგენი გეგეჭკორი - 1921
ჯონი ხეცურიანი - 1990-1992 - 1999-2000
კონსტანტინე კემულარია - 1992-1993 - 2004-2005
თედო ნინიძე - 1993 - 1998
ლადო ჭანტურია - 1998-1999
მიხეილ სააკაშვილი - 2000-2001
როლანდ გილიგაშვილი - 2001-2003
გიორგი პაპუაშვილი - 2004-2005
გია ქავთარაძე - 2005-2007
ეკა ტყეშელაშვილი - 2007-2008
ნიკა გვარამია - 2008-01-31 – 2008/10/27
ზურაბ ადეიშვილი - 2003-2004;  2008-11-02; 2012-10-25
თეა წულუკიანი - 2012-10-25 -დან დღემდე