თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში ‑ სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
დ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
ფ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;
ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო და სხვა რეესტრების წარმოება;
ყ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
შ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჩ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ძ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
წ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჭ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ხ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
მუხლი 4
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექტებისა და ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანა;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
კ) საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;
ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ძ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
წ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ჭ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;
ხ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ჯ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
ჰ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ჰ1) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ჰ2) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში;
ჰ3) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ4) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ5 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ჰ6 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ7) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
ჰ8 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ჰ9) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ჰ10) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ჰ11) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ჰ12) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ჰ13) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;
ჰ14) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჰ15) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ16) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ17) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ18) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ19) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში - მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისების საკითხებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
ი) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
მ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ნ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (ICCMS) წარმოების წესს;
ო) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით წყვეტს პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
რ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესს და საგრანტო პროგრამას;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს; ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
ყ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) კანონით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
წ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ხ) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრი ახორციელებს პროკურატურის ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, მინისტრი:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ბ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
გ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში, დროებით ქმნის სპეციალიზებულ პროკურატურას და კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მისი საქმიანობის მიმართულებებსა და ფუნქციონირების ვადას;
დ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას;
ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს;
ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის წესს; საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას;
თ) მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს;
ი) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;
კ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ლ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
მ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ნ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;
პ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ‑ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს.
4. მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში.
5. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ‑ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 7
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) გამომძიებლები;
ე) აუდიტორები;
ვ) სამინისტროს სპეციალისტები;
ზ) დამხმარე მოსამსახურეები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
4. სამინისტროს მრჩევლებს, გამომძიებლებს, აუდიტორებს, სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი და თანამდებობიდან ათავისუფლებს კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს მრჩევლების, გამომძიებლების, აუდიტორებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს პროკურატურა.
მუხლი 10
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
ვ) საქართველოს ეროვნული არქივი;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიურო;
თ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო;
ი) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);
კ) იუსტიციის სახლი;
ლ) დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი.
მუხლი 11
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
გ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი;
ე) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
ვ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ი) ეკონომიკური დეპარტამენტი;
კ) გენერალური ინსპექცია;
ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 12
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 13
ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
დ) სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ‑ „სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ე) სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
ვ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ზ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა.
მუხლი 14
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;
გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
მუხლი 15
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიციირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართ-ლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 16
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ბ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 17
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
კ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ნ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა.
მუხლი 18
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ვ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ზ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
კ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.
მუხლი 19
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის, განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით (სისხლის სამართალი, კორუფციასთან ბრძოლა, ღია მმართველობა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმ-დებლო აქტების პროექტების მომზადება;
დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოების ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ე) ღია მმართველობის პარტნიორობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;
ზ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა, სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
ი) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაცია, ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირთან ურთიერთობა.
მუხლი 20
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ი) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 21
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 22
1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის დავალების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა.
2. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 23
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
დ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მის შესრულებაზე კონტროლი.
მუხლი 24
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
ე) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 25
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში ‑ სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედა-ნაყოფები/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|