გია ქავთარაძე დაიბადა 1970 წელს თბილისში.

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს  − ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურა.

1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად.

1993 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიანას უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმა „Square, Sanders and Dampsey“-ში იურისტად.

1994-1995 წლებში იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე.

1995-1997 წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრატორი.

1997-1998 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის − „საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა“ − კონსულტანტად.

1998 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად.

1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო

2000 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნად.

2002-2003 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის − „ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა“ − სამართლებრივ კონსულტანტად. პარალელურად, იყო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის − „პროკურატურის რეფორმა საქართველოში“ − სამართლებრივი კონსულტანტი.

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: „UNICEF“-ის საკადრო რესურსების მართვა“ (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); „UNICEF“-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი“ (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); „UNICEF“-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია“ (1997 წ., ეგვიპტე, კაირო); „სამოსამართლო სწავლება“ (1999 წ., აშშ, ნევადა); „სამართლის ხელმისაწვდომობა - ცვლილებათა სტრატეგია" (2001 წ., გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); „სასამართლო სისტემა" (2001 წ., ისრაელი); „სასამართლო მართვა და რეფორმა" (2001 წ., აშშ).
2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2005 წლის 22 დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.