ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების საჯარო შეთავაზება

 

 

 

 

სსიპ „იუსტიციის სახლის“ პროექტისთვის – „მობილური იუსტიციის სახლი“ – საბანკო სექტორში მოქმედი პარტნიორის მოსაძიებლად

 

 

 

 

 

 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატრონაჟით

 

 

 

იუსტიციის სახლი

08.07.2021.

შესავალი

 

 

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 450 სერვისს აწვდის. იუსტიციის სახლის უმთავრეს მიზანს მომხმარებლისათვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს,  იუსტიციის სამინისტრო/იუსტიციის სახლი კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. მათგან უმთავრესი გახლავთ ის, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული სოფლები დაშორებულია საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლის ფილიალებისაგან. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოსახლეობისთვის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან ახალი და მასშტაბური პროექტის – „მობილური იუსტიციის სახლის“ – განხორციელება იგეგმება.

 

„მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით იუსტიციის სახლის 450 სერვისის მიწოდება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს, ვინაიდან მომხმარებელს სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე იმ სოფლებშიც მიეცემა, რომლებშიც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს. ამ მიზნით სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაკომპლექტდება ყველა საჭირო ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით და წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით ესტუმრებიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს დაშორებულ სოფლებს. აღნიშნული სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა სოფლებსა თუ მუნიციპალურ ცენტრებში უხდებოდა გამგზავრება. თავის მხრივ, მოსახლეობა შეძლებს, არა თუ დაზოგოს ხარჯები, რაც ამა თუ იმ სოფელსა და ქალაქში გასამგზავრებლად სჭირდებოდა, არამედ დროულად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია (აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დროულად განახორციელოს ქონების რეგისტრაცია, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული აქციებითა თუ სხვა რამდენიმე ასეული სერვისით).

 

პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და საქართველოს 5 რეგიონის – გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის – ცალკეული მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს, საბოლოო სახით კი, პროექტმა სრულად უნდა დაფაროს საქართველოს ყველა რეგიონის ის სოფელი, სადაც ამჟამად სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

 

„მობილური იუსტიციის სახლის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურად სრულად იქნება აღჭურვილი, რათა შეუფერხებლად განახორციელოს როგორც განაცხადის მიღება, ისე მზა დოკუმენტების ადგილზე გადაცემა. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცეში დამონტაჟდება ტექნიკით სრულად აღჭურვილი 3 (სამი) დამოუკიდებელი სამუშაო მაგიდა: 2 (ორი) მაგიდა იუსტიციის სახლის უნივერსალი ოპერატორებისთვის, ხოლო 1 (ერთი) მაგიდა – სალაროს ოპერატორისთვის (ბანკის ოპერატორი). გარდა ამისა, ადგილზე განთავსდება თანამშრომლებისთვის მუშაობის პროცესში გამოსაყენებელი საჭირო ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერი/სკანერი და სხვ.).

 

„მობილური იუსტიციის სახლის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეგულარულობა. ეს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, წინასწარ იცოდეს, რომ მის სოფელში მოძრავი იუსტიციის სახლი, მაგალითისთვის, ყოველ სამშაბათს, 09:00 საათზე, მივა. რეგულარულობის დაცვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს „მობილურ იუსტიციის სახლთან“ ვიზიტის დაგეგმვას, განსაკუთრებით, ისეთ სეზონზე, როდესაც სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება უწევს. 

სწორედ აღნიშნული პროქტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განსახორციელებლად იუსტიციის სახლი ეძებს საიმედო პარტნიორს საბანკო სფეროდან, რომლის მოვალეობაც „მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისების მომხმარებლისთვის ადგილზე ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს, ხოლო იუსტიციის სახლი სრულიად უსასყიდლოდ განათავსებს ოპერატორებს (მიმდინარე ეტაპზე – 5 ოპერატორს) „მობილური იუსტიციის სახლის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.

 

 

 

 

 

საბანკო ორგანიზაციისთვის განსაზღვრული ძირითადი პირობები

 

  • ბანკმა უნდა უზრუნველყოს მობილური იუსტიციის სახლის მომხმარებელთათვის საბანკო მომსახურების მიწოდება, რომელიც გულისხმობს იუსტიციის სახლის სერვისებთან მიმართებით მომსახურების საფასურის გადახდას;
  • საბანკო მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად ბანკმა თითოეული მობილური იუსტიციის სახლისთვის უნდა გამოყოს მოლარე-ოპერატორი და შესაბამისი სარეზერვო თანამშრომელი;
  • ბანკმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების ღირებულების გადახდის შესაძლებლობა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით; ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს მომხმარებელთათვის ლარის ბანკნოტების და მონეტების გადაცვლა ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე;
  • იუსტიციის სახლის მომხმარებლებისათვის საბანკო მომსახურების უხარვეზოდ მიწოდებისთვის ბანკმა უნდა განახორციელოს საამისოდ საჭირო ყველა ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა (მათ შორის: უზრუნველყოს მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სათანადო ურთიერთობების („ბილინგისსისტემის ფუნქციონირებისათვის) მოწესრიგება მესამე პირებთან (მათ შორის, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომელთა სერვისების მიწოდებას ახორციელებს იუსტიციის სახლი), იქონიოს გამართულ მდგომარეობაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი აპარატურა, უზრუნველყოს მისი პროფილაქტიკური შემოწმება, საჭიროების შემთხვევაშისათადარიგო აპარატურისა თუ სახარჯი მასალების საჭირო მარაგების ადგილზე არსებობა და სხვა);
  • უზრუნველყოს იუსტიციის სახლის მიერ საბანკო მომსახურებისთვის გადაცემული მოწყობილობებისა და ინვენტარის (მაგიდა, სკამი, პორტატული კომპიუტერი) მოვლა-პატრონობა, იქონიოს იგი სრულ წესრიგში და დაიცვას ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების (მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო) წესები და ნორმები;
  • ბანკმა, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს საოფისე სივრცის აღჭურვა ყველა იმ საჭირო ინვენტარით (ვიდეოკამერა, ლითონის სეიფი და ა.შ.), რომელიც საბანკო მომსახურების უსაფრთხო პროცესს განაპირობებს;
  • ბანკმა უზრუნველყოს სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობა, რომ იუსტიციის სახლის სერვისების მიმღები მომხმარებლისათვის საბანკო მომსახურების გაწევისას თვალსაჩინო იყოს, რომ შესაბამისი მოლარე-ოპერატორი წარმოადგენს ბანკს;
  • ბანკმა იუსტიციის სახლთან უნდა შეათანხმოს სამუშაო სივრცის ვიზუალური გაფორმების საკითხები, ასევე, კორპორატიული ატრიბუტიკისა და ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი;
  • საბანკო მომსახურების მიწოდება განხორციელდება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტის სრული დაცვით.

 

დამატებითი პირობა

 

წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში, საბანკო ორგანიზაციამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ საბანკო სერვისის მიწოდება „მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით უნდა დაიწყოს 2021 წლის 15 აგვისტოდან, პროექტის დაწყების დღიდან.

 

საბანკო მომსახურების მიწოდება განხორციელდება იუსტიციის სახლის მიერ დადგენილი სამუშაო დღეებისა და საათების მიხედვით.

 

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

 

  • მომსახურების დაბალი საკომისიო;

 

გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს იუსტიციის სახლის მომსახურებებზე მომხმარებლების მიერ შესაბამისი საფასურის გადახდისას საბანკო მომსახურებისთვის განსაზღვრული საკომისიოს დაბალი ოდენობა;

 

  • პროექტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში (გურია, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო და შიდა ქართლი), სულ მცირე, 1 (ერთი) ფილიალის არსებობა.

 

წინადადების წარდგენის ვადები

 

იუსტიციის სახლის მიერ აღნიშნული შეთავაზების საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან საბანკო ორგანიზაციებს განესაზღვრებათ 7 (შვიდი) კალენდარული დღე წინადადებების წარმოდგენისთვის. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები აღარ განიხილება.

 

 

გადაწყვეტილების მიღება

 

წინადადებების წარმოდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ყველა საბანკო ორგანიზაციის შემოთავაზებას და შეარჩევს იმ პრეტენდენტს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილ ძირითად პირობებსა და კრიტერიუმ(ებ)ს. წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა არ ავალდებულებს სსიპ „იუსტიციის სახლს“, გააფორმოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ეს არის მხოლოდ კვლევა პოტენციური მომსახურების გამწევი საბანკო ორგანიზაციების მხრიდან წინადადებების მიღების მიზნით.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

E-mail: info@psh.gov.ge

Mob: 597 55 38 83

Tel: 032 2 405 405