2021 წლის 30 ივლისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა

და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით

საგრანტო კონკურსს

 

საგრანტო პროგრამა 001-2021-ის − „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“ − მიზანია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით ღონისძიებების გატარება.

ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება − ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები და ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია და მიმართულია მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისკენ. ერთ-ერთი ძირითადი უწყება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განმტკიცებისა და აღსრულების კუთხით არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ამ მიმართულებით გრანტის გაცემის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება.  გრანტის მიმღებმა პროექტის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გათვალისწინებით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერებაში მონაწილეობა. სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით; კერძოდ, სამინისტრო უშუალოდ პასუხისმგებელია პენიტენციურ სისტემაში პატიმრების უფლებების დაცვისა და დანაშაულის პრევენციისა თუ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. ადამიანის უფლებების დაცვასთან ყოველდღიურ კვეთაშია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, სსიპ „იუსტიციის სახლის“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და „ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ საქმიანობებიც. ამასთან, სამინისტრო წარმოადგენს „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“, „სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“, „ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოსა“ და „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სამდივნოს. გარდა ამისა, სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამართალშემოქმედება და ქართული სამართლის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ორგანოებში სხვადასხვა თემატურ საკითხზე ანგარიშგების კოორდინაცია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია და სხვ. 
 

გრანტის მიმღებმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით და მიმართული უნდა იყოს  სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ. მაგალითად, ტრენინგების, სამოქალაქო კამპანიების, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების (მათ შორის, ვიდეორგოლების დამზადებით), ასევე, მომსახურების შეთავაზების გზით ან/და ხელშეწყობის პროგრამების დანერგვით, რათა მიღწეულ იქნეს საგრანტო პროგრამის მიზნები.


ინოვაციური სერვისების დანერგვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთი წამყვან უწყებას ქვეყნის მასშტაბით სერვისებისა და საჯარო მომსახურების მიწოდების კუთხით. კერძოდ, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია. ამასთან, მოქალაქეებს მრავალ საჯარო სერვისს სთავაზობენ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, სსიპ „იუსტიციის სახლი“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“, სსიპ  „საქართველოს ეროვნული არქივი“,  სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური. შესაბამისად, ამ მიმართულებით გრანტის გაცემის მიზანს წარმოადგენს ინოვაციური სერვისების დანერგვა. გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით ნებისმიერი ინოვაციური სერვისისა და მომსახურების ბენეფიციარებისთვის შეთავაზება, რც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სერვისების ხელმისაწვდომობას, გამარტივებასა და მომსახურების გაფართოებას.


მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია − სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ სხვადასხვა მიმართულებით (როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირებით) ახორციელებენ მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
 

ამ მიმართულებით საგრანტო პროგრამის მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია. გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის კუთხით, ასევე, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების შესახებ. მაგალითად, ფსიქოსოციალური მომსახურების უზრუნველყოფის, ყოფილ მსჯავრდებულთა დასაქმების, ტრენინგებისა და პროფესიული კურსების შეთავაზების, ცნობიერების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის, იურიდიული მომსახურების, სარეაბილიტაციო პროგრამების, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში ჩართვის, ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის და სხვ.
 

გრანტის გამცემია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საგრანტო პროგრამის მთლიანი ზღვრული მოცულობა არის 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, რომელიც ფინანსდება „საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებიდან. საგრანტო პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად დაფინანსდება არაუმეტეს 25 საგრანტო პროექტისა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის მიერ საგრანტო კონკურსში წარდგენილი საგრანტო წინადადება). საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ ბენეფიციარს გადაეცემა არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა.
 

საგრანტო ვადაა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-6 თვე.


კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, აგრეთვე, ფიზიკურ პირს (საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი), რომელიც საქმიანობს საქართველოში და დაინტერესებულია საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული მიზნებით და აკმაყოფილებს ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
2. საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ზედა ზღვარს − 20 000 (ოცი ათას) ლარს.
3. განმცხადებელს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება ერთ მიმართულებაზე.
4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

- შევსებული, ხელმოწერილი და დასკანირებული საგრანტო განაცხადის ფორმა;
- საგრანტო წინადადება (დანართი №1);
- სამოქმედო გეგმა (დანართი №2);
- პროექტის ბიუჯეტი (დანართი №3);
- პროექტის ყველა თანამშრომლის რეზიუმეები ქართულ ენაზე;
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის შემთხვევაში განახლებული ამონაწერი  საჯარო რეესტრიდან;
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის შემთხვევაში ოფიციალური წესით          დამოწმებული ორგანიზაციის წესდება;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
 

ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა, გახდეს განმცხადებლის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

განაცხადების განხილვისას საგრანტო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით.
 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანამონაწილეობა არ არის სავალდებულო.


საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.
 


წარმოსადგენი დოკუმენტების ფორმები იხილეთ განცხადების ქვემოთ.
 

გრანტის მიმღებმა საგრანტო ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოში უნდა წარმოადგინოს საგრანტო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების დედნები.
 

გრანტის მიმღები ვალდებულია, გრანტის გამცემს წერილობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს მიმდინარე და საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები. მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშები გრანტის გამცემს წარედგინება ყოველი საანგარიშო თვის (იგულისხმება ყოველი თვის საანგარიშო თვე) გასვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები კი − საგრანტო პროექტის დასრულებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში.

 

       მნიშვნელოვანი ვადები

 

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის  ვადა

 2021 წლის 30 სექტემბრისა

საგრანტო განაცხადის შეფასება და გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვადა

არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ვადა

არაუგვიანეს 2021 წლის 7 დეკემბრისა

საგრანტო ვადა

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან  3-6 თვე




დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

თორნიკე არჯევანიძე  (საგრანტო საბჭოს აპარატი)

ელ. ფოსტა: tarjevanidze@justice.gov.ge;

ტელ.: (+995 32) 2 405 760;
            
(+995) 591 60 41 19;


თამარ ლომიძე  (საგრანტო საბჭოს აპარატი)

ელ. ფოსტა: tlomidze@justice.gov.ge;

ტელ.: (+995 32) 2 405 760


ბრძანება №397 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ივლისის №347
ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანება №347 საგრანტო პროგრამის დამტკიცების შესახებ

საგრანტო პროგრამა

ბრძანება №348 საგრანტო საბჭოსა და საბჭოს აპარატის დამტკიცების შესახებ

საგრანტო განაცხადის ფორმა

დანართი №1 საგრანტო წინადადება

დანართი №2 სამოქმედო გეგმა

დანართი №3 ბიუჯეტის ფორმა

საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

საგრანტო ხელშეკრულების პროექტი


ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგების თაობაზე