ჩემი უფროსი მეგობარი
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა; პროფესიონალების გადამზადება, სტატისტიკურ-საინფორმაციო სისტემის სრულყოფა და ა. შ.

პროგრამის შესახებ:

2011 წლის იანვარში ამოქმედდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა (საგა) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროგრამა „ჩემი უფროსი მეგობარი“. პროგრამა მიზნად ისახავს, იმუშაოს ისეთ მოზარდებთან, რომლებიც საჭიროებენ დამატებით პოზიტიურ ზეგავლენას თავიანთ ცხოვრებაში. ეს არის სტრუქტურული (წინასწარ დაგეგმილი) ურთიერთობა მოზარდსა და მის უფროს მეგობარს შორის, რომელიც წარმოიშობა მოხალისეობით საწყისებზე, და რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ხასიათზე. პროგრამის ფარგლებში, თორმეტი თვის განმავლობაში, უფროს მეგობარსა და არასრულწლოვანს შორის ყალიბდება პოზიტიური ურთიერთობა, რომელიც, სურვილისამებრ, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს. პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულის ჩადენის პრევენციას და მოზარდებში გავრცელებული სირთულეების მოგვარებაში ხელშეწყობას. უფროსი მეგობრის მოვალეობაა, იყოს მისი მეგობრისთვის მისაბაძი მაგალითი, მოახდინოს არასრულწლოვანზე დადებითი ზეგავლენა, კერძოდ, წაახალისოს უკეთესი აკადემიური მოსწრება, კითხვა, სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი; გააღვივოს მათში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყოს მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. უფროსი მეგობარი უზრუნველყოფს როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი აქტივობების ორგანიზებას.

შერჩევის პროცედურა:

საქართველოს გაეროს ასოციაცია იღებს აპლიკაციას (ონლაინაპლიკაცია იხილეთ ლინკზე ჩასასმელია_უმცროსი მეგობრის აპლიკაციის ლინკი) იმ ორგანიზაციისა თუ ოჯახისაგან, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის პროგრამაში გადამისამართებას. ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა, გადაამისამართოს არასრულწლოვანი „ჩემი უფროსი მეგობრის“ პროგრამაში, თუ ის თვლის, რომ ეს კონკრეტული არასრულწლოვანი საჭიროებს ასეთი სახის ზეგავლენას.

აპლიკაციის მიღების შემდეგ პროგრამა დაეკონტაქტება პოტენციური უმცროსი მეგობრის ოჯახს მონაწილეობის ინტერესის ნამდვილობის დასადგენად. არასრულწლოვნის ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, ინიშნება გასაუბრების დღე. გასაუბრების შემდეგ არასრულწლოვანი განთავსდება კანდიდატების სიაში და ელოდება მისთვის შესაფერისი უფროსი მეგობრის შერჩევას.

რაც შეეხება უფროსი მეგობრის შესარჩევ ეტაპს, აქაც იგივე პროცედურაა (იხილეთ „უფროსი მეგობრის“ ონლაინაპლიკაცია ჩასასმელია_უფროსი მეგობრის აპლიკაციის ლინკი), იმ განსხვავებით, რომ აპლიკანტმა დამატებით უნდა წარადგინოს სამი რეკომენდაციის წერილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ მის პიროვნებას. ესენი შეიძლება იყვნენ მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები და სხვა. მას შემდეგ, რაც პროგრამა განიხილავს აპლიკაციებსა და სამოტივაციო წერილებს, სურვილის მქონე მოხალისეებს, როგორც პოტენციურ უფროს მეგობრებს, ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც მოხდება პროგრამის პრეზენტაცია. ნასამართლეობისა და კრიმინალური წარსულის შემოწმების შემდგომ პროგრამა გასაუბრებას უნიშნავს პოტენციურ უფროს მეგობარსაც. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ პროგრამა აფასებს, რამდენად შესაფერისია მოცემული კანდიდატურა პროგრამის მიზნებისათვის და ხდება პოტენციური მეგობრის კანდიდატთა სიაში შეყვანა და მისთვის უმცროსი მეგობრის შერჩევა.

უფროსი და უმცროსი მეგობრების შერჩევის შემდეგ ხდება მათი დამეგობრება. უმცროსი და უფროსი მეგობრის შერჩევა ხორციელდება მათი ინტერესების, ხასიათისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით. დამეგობრების დღეს იდება მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ უფროს და უმცროს მეგობართან ერთად ამ უკანასკნელის მშობელი და პროგრამის წარმომადგენელი.
პროგრამა ხელს უწყობს მსურველებს ისეთი მეგობრობის დაწყებაში, რომელიც, ერთი მხრივ, მოზარდზე, რომელიც განიცდის გარკვეულ სირთულეებს თავის ცხოვრებაში, მოახდენს დადებით ზეგავლენას, და, მეორე მხრივ, შანსს აძლევს უფროს მეგობარს, შეცვალოს თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ.

1. უფროსი მეგობარი: უფროსი მეგობარი წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს, დადებით პერსონაჟს. იგი წარმატებულია თავის კარიერაში, არის ფინანსურად დამოუკიდებელი, ხასიათდება დადებითი პიროვნული თვისებებით, აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი (განსაკუთრებით, ბავშვებთან), არის მხიარული და პოზიტიური ადამიანი;

2. უმცროსი მეგობარი: პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ის ბავშვები, რომლებიც ექცევიან 12-დან 17 წლის ასაკის ფარგლებში, განიცდიან სხვადასხვა სახის პრობლემას და ესაჭიროებათ დამატებითი პოზიტიური ზეგავლენა თავიანთ ცხოვრებაში. პრობლემებში შესაძლებელია, იგულისხმებოდეს სკოლაში განვითარებული პრობლემები, გაკვეთილების ხშირი გაცდენები; პრობლემები ოჯახში, მათზე განხორციელებული ოჯახური ძალადობა, დაობლება, მშობლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა; პრობლემები კანონთან, არალეგალურ ნივთიერებათა გამოყენება და სხვა სირთულეები, რომლებმაც შესაძლებელი,ა ნეგატიურად იმოქმედოს არასრულწლოვნის მომავალ ცხოვრებასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
პროგრამის მნიშვნელოვანი მონაწილეები, ასევე, არიან:

3. წყარო, რომელიც ახდენს უმცროსი მეგობრის გადამისამართებას: ნებისმიერ დაწესებულებას ან ოჯახს (მშობელი, კანონიერი მეურვე) აქვს შესაძლებლობა, გადაამისამართოს არასრულწლოვანი „ჩემი უფროსი მეგობრის“ პროგრამაში, თუ ის თვლის, რომ ამ კონკრეტული არასრულწლოვნის ცხოვრებას დადებითად წაადგება პროგრამაში მონაწილეობა. რაკი მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია, პროგრამა დაინტერესებულია ისეთი მოზარდების შერჩევით, რომლებიც ნამდვილად და ყველაზე მეტად საჭიროებენ ასეთი სახის ზეგავლენას.

4. პარტნიორები, დონორები, მოხალისეები: ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც ნებისმიერი სახით ხელს უწყობენ პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირებას, ეს იქნება ფულადი შემოწირულობა თუ საკუთარი ბიზნესისა და სერვისის შეთავაზება პროგრამის მიზნების განსახორციელებლად. ადამიანები, რომლებიც პროგრამას ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში, ავრცელებენ პროგრამის შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფენ ახალი მონაწილეების პროგრამაში ჩართვას, ორგანიზებას უწევენ პროგრამულ ღონისძიებებს და სხვა რაიმე მოქმედებით მხარს უჭერენ პროგრამა „ჩემი უფროსი მეგობრის“ განხორციელებას და შემდგომ განვითარებას. ასეთი ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების მხარდაჭერა პროგრამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.