საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №191
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 იანვრის №6 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №197-სსმIII,
№137,25.10.2010წ.,მუხ.1985
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, სიტრუქტურას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
    მუხლი 2
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
    მუხლი 3
დეპარტამენტი თავისი ამოცანების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და პრინციპებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო საქმიანობის და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
    მუხლი 4
დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
    მუხლი 5
დეპარტამენტის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
    მუხლი 6
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
    მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
    მუხლი 8
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ამ დებულებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს;
ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და სხვა მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სხვა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) ახდენს დეპარტამენტში განხილული დოკუმენტების ვიზირებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
ი) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესხებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების თაობაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნისას – დეპარტამენტის ერთ-ერთი მრჩეველი.
    მუხლი 9
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
    მუხლი 10
 
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან დეპარტამენტის მრჩევლები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №197-სსმIII, №137,
25.10.2010წ.,მუხ.1985