საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
 
 
მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დავით ჯანდიერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - საკორდინაციო საბჭოს წევრი;

ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საკორდინაციო საბჭოს წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ირაკლი ხმალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ეკატერინე კერესელიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ეკატერინე სისაური - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ლაშა მოისწრაფიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ბიძინა გიორგობიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

 
მუხლი 2
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მოწვეულ იქნენ:

ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;  

ზაქარია ქუცნაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი; 

გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;  

გელა სამხარაული - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ზურაბ ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე; 

გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;

ირაკლი ტრიპოლსკი - საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;

გიორგი თოფაძე -  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.

 
 

მუხლი 3
დამტკიცდეს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება. 
 

მუხლი 4
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 
 

მუხლი 5
საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
 

მუხლი 6
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
 
 
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი



 
საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

დებულება

 

მუხლი 1

1. საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო)  შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

3. საკოორდინაციო საბჭო იქმნება ერთი წლის ვადით.


მუხლი 2

 1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირებისა, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე - შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა.

3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა)  საქართველოს მიწის მართვის განვითარების საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის სრულყოფა;

ბ) ახალი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება.


მუხლი 4

1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ვადამდე მოწვევა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. საკოორდინაციო საბჭო, თავისი ამოცანების შესრულების მიზნით, ქმნის საკოორდინაციო საბჭოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას.

6. საკოორდინაციო საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

7. საკოორდინაციო საბჭოს აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

11.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

12. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

13. საკოორდინაციო საბჭოს აპარატი ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს/სპეციალისტებს.

14. საქართველოს მიწის მართვის განვითარების საკანონმდებლო /ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმას.


მუხლი 5

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.


მუხლი 6

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, როგორც წესი,  ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს (მომხსენებელს).

5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.


მუხლი 7

საკოორდინაციო საბჭო, მისი ფუნქციონირების ვადის ამოწურვისას, თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.